აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი

„რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ირანში აჩვენებს, თუ როგორ გახდა რუსეთი იზოლირებული უკრაინაში შეჭრის შემდეგ“, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

პუტინის ვიზიტს წინ უძღვის თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

როგორც სალივანი აღნიშნავს, რუსეთმა უკვე მარცხი განიცადა უკრაინაში საკუთარი დასახული მიზნების მიღწევაში, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კიევი იყო.

„ჩვენი ინფორმაცია იმაზე მიუთითებს, რომ ირანის მთავრობა ემზადება, რომ რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი დაჩქარებულ ვადებში მიაწოდოს", - განაცხადა სალივანმა.

როგორც ჯონ კირბიმ სამშაბათს განუცხადა ჟურნალისტებს, ჯერ არ არსებობს რაიმე მინიშნება, რომ ირანმა უპილოტო თვითმფრინავები უკვე გადასცა რუსეთს.

პუტინმა სამშაბათს ირანში გამართა მოლაპარაკებები უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. შედგა სამმხრივი შეხვედრა ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით.