რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის საფუძველზე, ევროკავშირი წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მომავალი თვიდან, ბუნებრივი აირის მოხმარება 15%-ით ნებაყოფლობით შეამცირონ. ამის შესახებ Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ეს მიზანი გათვალისწინებული იქნება რეგულაციაში, რომელიც თან ახლავს გაზის დაზოგვის გეგმას, რომელსაც ევროკომისია ოთხშაბათს გამოაქვეყნებს.
გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია შეძლებს გაზის მიწოდების მწვავე დეფიციტისა ან მოთხოვნის ზრდის შესახებ ქვეყნები გააფრთხილოს.
Bloomberg-ის ცნობით, ამ ნაბიჯს დასჭირდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა. ქვეყნების დიდი ჯგუფი ეწინააღმდეგება გაზის მოხმარების სავალდებულო შემცირებას და აცხადებენ რომ ეროვნულ მთავრობებს უკვე აქვთ განხორციელებული საგანგებო გეგმები და შეამცირებენ მოთხოვნას.
ევროკავშირის სამი დიპლომატის თქმით, ბუნებრივ გაზზე ნებაყოფლობითი შეზღუდვები საკმარისი არ იქნება.
11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა.