CEPA-ს (ევროპის პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრი) სტრატეგიული კვლევების კათედრის ხელმძღვანელის (ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების მეთაური 2014-2017 წლებში) ბენ ჰოჯესის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ რუსეთის რეალური სახე წარმოჩინდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე სუსტი და უფრო კორუმპირებულია, ვიდრე მსოფლიოს აქამდე ჰქონდდა წარმოდგეგნილი.
„ოკუპირებული აფხაზეთიდან ან „სამხრეთ ოსეთიდან“ ჯარი უკრაინაში საომრად გაიყვანეს. არაჩვეულებრივი დროა ამერიკა-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისთვის, იმის დემონსტრირების მიზნით, რომ რუსებს შევახსენოთ, რამდენად დაუცველები არიან. ამავდროულად, მოგეხსენებათ, უკრაინაში გასაგზავნად ჯარები მათ ფინეთთან საზღვრიდანაც გაიყვანეს. ასევე კარგი დროა, ჩავატაროთ კიდევ ერთი დიდი ერთობლივი წვრთნა ჩრდილოეთში რუსეთ-ფინეთის საზღვართან. ეს არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ იმისთვის, რომ მათზე ზეწოლა მოვახდინოთ და არ მივცეთ უკრაინაზე კონცენტრირების საშუალება“, - აღნიშნავს ბენ ჰოჯესი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.
ჟურნალისტის პასუხზე, ეს სავარაუდოდ, პროვოკაციად იქნება აღქმული, ევროპაში აშშ-ის შეირაღებული ძალების ყოფილი მეთაური ამბობს:
„გულწრფელად რომ ვთქვათ, რის გაკეთება შეუძლია რუსეთს? მათ თითქმის ყველაფერი, რაც აქვთ, უკრაინაში აქვთ ჩადებული. ოთხი თვის შემდეგაც კი მათ ჯერ კიდევ ვერ შეძლეს იმაზე მეტის გაკეთება, რაც გააკეთეს. ყველა უპირატესობით, რაც მათ ჰქონდათ, საკუთარი უუნარობა გამოავლინეს. ისინი უუნაროები არიან, თუმცა არა სულელები. მე არ ვიცი მათ რა შესაძლებლობები ექნებათ, რომ საქართველოს დაემუქრონ.
საინტერესოა ის, რომ საქართველოს ძალის არგამოყენების ვალდებულება აქვს აღებული. რუსეთი არანაირ ასეთ შეთანხმებას ცხადია, არ დაიცავს. მე არ ვამბობ, რომ ახლა არის დრო, საქართველომ იჩქაროს და შეეცადოს დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაშინ როცა რუსეთი სხვაგან არის დაკავებული. მაგრამ ეს ნამდვილად შეიძლება იყოს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთის სახე წარმოჩნდეს და ყველამ დაინახოს, რომ ის იმაზე მეტად კორუმპირებულია, ვიდრე წარმოგვედგინა. უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოიყენონ თავისუფლების მოყვარულმა ხალხებმა ეს შესაძლებლობა იმისთვის, რომ რუსეთისგან საბოლოო დეკოლონიზაცია დააჩქარონ, როგორც მე ამას ვუწოდებ. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაცია მომდევნო რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს. საქართველო მზად არის ამ შესაძლებლობისთვის?“.