რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ირანში ვიზიტისას განაცხადა, რომ შესაძლოა „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ შემცირდეს, რადგან გაზსადენზე ტექნიკური რემონტი ჯერ არ დასრულებულა.
„ჩრდილოეთის ნაკადი 1“ ევროპის კონტინენტზე რუსული გაზის მიწოდების ყველაზე დიდი რგოლია. მიუხედავად იმისა, რომ გაზსადენის დღიური სიმძლავრე დაახლოებით 167 მილიონი კუბური მეტრია, „გაზპრომმა“ მიწოდების მოცულობა გასულ თვეში 67 მილიონ კუბურ მეტრამდე შეამცირა. გარდა ამისა, მილსადენი დახურულია ტექნიკური რემონტის გამო, რომელიც 21 ივლისს დასრულდება.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ კანადაში სარემონტოდ გაგზავნილი გაზის ტურბინა მალე არ დაბრუნდება რუსეთში, მილსადენის დღიური მოცულობა შესაძლოა, ივლისის ბოლომდე 33 მილიონ კუბურ მეტრამდე შემცირდეს.
მისი თქმით, ორი ტურბინა დღეში 60 მილიონი კუბური მეტრი ამოტუმბავს. თუ ერთი არ დაბრუნდება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ 30 მილიონი კუბური მეტრის ამოტუმბვა. ამასთან, 26 ივლისს იგეგმება კიდევ ერთი გაზის კომპრესორი ტურბინის შესაკეთებლად გაგზავნა.
მანამდე Bloomberg-მა, ევროკომისარზე დაყრდნობით დაწერა, რომ ევროკომისია მილსადენის ექსპლუატაციის განახლებას რემონტის შემდეგ არ ელის.
გასულ კვირას კანადის მთავრობა დათანხმდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამონაკლისს და გერმანიაში Nord Stream-ის ტურბინა გაგზავნა. კანადაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გერმანიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და რისკის შესამცირებლად მიიღეს. რადგან არის რისკი, რომ რუსეთის ფედერაცია „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ევროპისთვის გაზის მიწოდებას არ განაახლებს.
11 ივლისიდან რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეწყვიტა.