ინფლაციის სწრაფად მზარდი მაჩვენებლების საპასუხოდ, ესპანეთის მასშტაბით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასები უკვე განახევრდა, ახლა მთავრობამ კიდევ 100%-იანი ფასდაკლება გამოაცხადა. შედეგად, სექტემბრიდან, მგზავრებს, მათ შორის ტურისტებს, Renfe-ის საზოგადოებრივი მატარებლის ქსელით გადაადგილება უფასოდ შეეძლებათ.
ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მატარებლების მრავალმხრივი ბილეთები, რომლებსაც მართავენ ქსელის საჯარო სერვისები - Cercanías, Rodalies და Media Distance, პირველი სექტემბრიდან წლის ბოლომდე იქნება უფასო.
CNN ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ზომა გამორიცხავს ერთჯერადი მგზავრობის ბილეთებს ან შორ მანძილზე მგზავრობას. მრავალმხრივი ბილეთები მოიცავს სულ მცირე 10 მოგზაურობას (return trips).
ესპანეთი არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხარჯების შესამცირებლად ზომები მიიღო. გასულ თვეს გერმანიაში 9 ევროდ (9,50 აშშ დოლარი), შეუზღუდავი ყოველთვიური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა გახდა შესაძლებელი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ და რეგიონულ ტრანსპორტში ქვეყნის მასშტაბით არის შესაძლებელი. ეს პროგრამა აგვისტოს ბოლომდე მოქმედებს. თავის მხრივ, 2021 წლის ბოლოს, ავსტრიამ შემოიღო - „კლიმატის ბილეთი", რომელიც ქვეყნის ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მოქმედებს და რომლის მიზანია, წაახალისოს მოსახლეობა, რათა ავტომობილები სახლში დატოვონ.