ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ და საზოგადოებასთან შეხვედრა დროზე ადრე შეწყდა.
მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი ბიჭვინთის ე.წ. სამთავრობო აგარაკი გახდა, რომელიც რუსეთის მფლობელობაში გადადის და ამ ფაქტს აფხაზეთის საზოგადოება არ ეთანხმება. სამოქალაქო აქტივისტმა ჯანსუღ ბჟანიამ დე ფაქტო პრეზიდენტს წლის დასაწყისში ხელმოწერილი განკარგულების შესახებ ჰკითხა, რომელიც რუსეთის ფედერაციისთვის ე.წ. სახელმწიფო აგარაკის „ბიჭვინთის“ გადაცემას შეეხებოდა.
ბჟანიამ პასუხის გაცემა შემდეგი სიტყვებით დაიწყო „მისმინე, ჩემი თავისადმი პატივისცემას ბოროტად ნუ გამოიყენებ, კეთილი ინებე და დაჯექი შენს ადგილას“. ამ პასუხს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. რის შემდეგაც ასლან ბჟანიამ შეხვედრა დატოვა.
ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკი და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადადის. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს, შეთანხმების ტექსტი ხელმოსაწერად უკვე გადაეგზავნა.
აფხაზური საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, დე ფაქტო პარლამენტის საპარლამენტთაშორისო კავშირების კომიტეტმა ხელშეკრულების ახალ ტექსტს უკვე დაუჭირა მხარი.