კელი დეგნანი: შოკირებული ვიყავი ელჩი ჰარცელის მისამართით კომენტარების მოსმენისას

„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მისი კოლეგის კარლ ჰარცელის მისამართით, მმართველი პარტიიდს ლიდერის განცხადების შეფასებისას განუცხადა. კელი დეგნანის შეფასებით, ეს განცხადება უპატივცემულობა იყო იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც ამდენი იმუშავა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

„შოკირებული ვიყავი ამ კომენტარების მოსმენისას ელჩი ჰარცელის მისამართით. ისეთი უპატივცემულობაა ამის თქმა ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ მძიმე სამუშაოს ასრულებდა 4 წლის განმავლობაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. რთული წარმოსადგენია ვინმე, ვინც მეტი გააკეთა საქართველოს დასახმარებლად მის ევროპულ გზაზე აქ მუშაობის პერიოდში. მე სრულად ვუჭერ მხარს მის მიერ გაწეულ რთულ სამუშაოს, რისი საშუალებითაც ის ცდილობდა საქართველოს დახმარებას. ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე და აღიაროს ელჩის მიერ შესრულებული ძალიან კარგი სამუშაო საქართველოში. მან შესანიშნავი გზავნილი დაუტოვა საქართველოს მოსახლეობას და აღწერა თუ რამდენად სასიამოვნო იყო მისთვის საქართველოში ყოფნა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
 
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.