თეთრი სახლი: ჯო ბაიდენი შეხვედრებში მონაწილეობას ტელეფონისა და Zoom-ის საშუალებით მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, შეხვედრებში მონაწილეობას ტელეფონისა და Zoom-ის საშუალებით მიიღებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენმა დადასტურებამდე ბოლოს კოვიდზე ტესტი სამშაბათს გაიკეთა, რის შედეგედაც პასუხი უარყოფითი იყო.

„79 წლის პრეზიდენტს, რომელიც სრულად არის ვაქცინირებული და ორჯერ აიცრა გამაძლიერებელი დოზითაც, ძალიან მსუბუქი სიმპტომები აქვს და მისი მოვალეობის შესრულებას განაგრძობს“, - განაცხადა პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა.

ვიდეოგზავნილი გაავრცელა პრეზიდენტმაც.

„დღეს დილით დამიდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ ორჯერ ვარ ვაქცინირებული და ორჯერაც გამაძლიერებელი დოზით აცრილი, სიმპტომები მსუბუქია. მე ნამდვილად ვაფასებ თქვენ მიერ გამოხატულ ინტერესს და შეშფოთებას, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ, ვაგრძელებ მუშაობას. ყველაფერი კარგად იქნება“, - ამბობს ჯო ბაიდენი.

თეთრმა სახლმა 21 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბადენს კორონავირუსი დაუდასტურდა.