რა ღირს უძრავი ქონება თბილისის უბნებში - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.7 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.5 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 13.9 პროცენტით არის გაზრდილი. 

2022 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.2 პროცენტი). ამავე პერიოდში, ფასები შემცირდა კერძო სახლების სეგმენტში (-2.4 პროცენტი). 2021 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ბინების სეგმენტში 8.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლების სეგმენტში ფასები შემცირდა 3.5 პროცენტით.

ამჟამად შავი კარკასის მდგომარეობაში უძრავი ქონება თბილისში საშუალოდ 2,216 ლარი, თეთრი კარკასი 2,505 ლარი, ხოლო მწვანე კარკასი 2,920 ლარი ღირს. 

საქსტატის მონაცემებით, უბნების მიხედვით ერთ კვადრატულ მეტრზე ფასები ასე ნაწილდება:

მთაწმინდა - 4,339 ლარი;
ვაკე - 3,845 ლარი;
კრწანისი - 2,937 ლარი;
საბურთალო - 2,927 ლარი;
ჩუღურეთი - 2,856 ლარი;
დიდუბე - 2,814 ლარი;
ნაძალადევი - 2,740 ლარი;
ისანი - 2,580 ლარი;
გლდანი - 2,558 ლარი;
სამგორი - 2,451 ლარი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.


ცნობისათვის, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) ასახავს საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების დინამიკას. ინდექსი მოიცავს უძრავი ქონების ბაზრის ახალი აშენებული და მშენებარე საცხოვრებლების სეგმენტს, ქ.თბილისში. ქონების ფასების ინდექსები გამოიყენება ქვეყნების ცენტრალური ბანკებისა და პოლიტიკის გამტარებელი სხვა ინსტიტუტების მიერ, აგრეთვე ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და სხვა მომხმარებლების მიერ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

RPPI გამოიყენება შემდეგი მიზნებისთვის: 1. უძრავი ქონების ბაზრის განვითარებისა და რისკების შესაფასებლად; 2. საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრებსა და ფინანსურ სტაბილურობას შორის კავშირების დასადგენად და მათ შესაფასებლად. ინდექსის გასაანგარიშებლად საჭირო მიკრომონაცემების მისაღებად საქსტატი ახდენს მონაცემებთა შეგროვებას საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადებების შემცველი ვებ-გვერდებიდან. მონაცემები მიიღება ვებ-გვერდებიდან ინფორმაციის ავტომატური ჩამოტვირთვის (ე.წ. web scraping) გამოყენებით.

ამ გზით მიღებული ფასების შესახებ მონაცემი წარმოადგენს ე.წ. „შეთავაზების“ ფასს (offer price). RPPI-ის გასაანგარიშებლად საქსტატის იყენებს ე.წ. „მახასიათებლების ჰედონურ მიდგომას“, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აღნიშნული მიდგომის მიხედვით, RPPI ასახავს „ტიპიური“ საცხოვრებლის ფასის დროში ცვლილებას.