საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულების საკითხი განიხილეს.
ხსენებული რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით, ოპოზიცია ცალკე იწყებს პროცესს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატებს ქმნის.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება, რომ კონკრეტული მიმართულებების მიხედვით, 12 პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, კანონპროექტები შემუშავდება.
„ამ კანონპროექტების ინიცირება და განხილვა მოხდება არა სამუშაო ჯგუფებში, არამედ პირდაპირ საპარლამენტო ფორმატებში, როგორიც არის: პარლამენტის ბიურო, კომიტეტის სხდომა და პლენარული სხდომა“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
„რეფორმების ჯგუფის“ წევრის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ორშაბათიდან პარლამენტში სამუშაო ჯგუფების შეხვედრები დაიწყება.
„სამოქალაქო სექტორთან შევჯერდით კონკრეტულ სამუშაო პროცესზე. 12 საკითხთან დაკავშირებით უნდა დაიდოს კონკრეტული საკანონმდებლო პროექტები და აქტები, რომლებიც სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპელების რეკომენდაციებთან.
ამისთვის გვაქვს ძალიან ცოტა დრო. 24/7-ზე გვჭირდება მუშაობა ძალიან ბევრ იურისტთან, ორგანიზაციასთან, პარტიასთან და პოლიტიკოსთან ერთად, რომ სექტემბრისთვის პარლამენტში ერთობლივად დავარეგისტრიროთ კანონპროექტების ფართო სპექტრი, რომლის მიღებაზეც დამოკიდებული იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
„სამუშაო ჯგუფები, რომლის თაობაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, გამიზნული იქნება შედეგზე და არა პროცესის სიმულაციაზე - ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს!“, - განაცხადა თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, პარტია “ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
მისი თქმით, შედგა შეთანხმება, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიზნით დაიწყება დაუყოვნებლივ მუშაობა, საკონსულტაციო-სამუშაო ჯგუფების შექმნის გზით.
ჯაფარიძის ინფორმაციით, სექტემბრისთვის 12-ვე პუნქტზე ისეთი კანონპროექტები მომზადდება, რომელიც ევროკომისიის მოლოდინებსა და სტანდარტებს უპასუხებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.
უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.