რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყო. ლავროვმა კაიროში მოლაპარაკებები გამართა ეგვიპტელ კოლეგასთან, სამეჰ შუკრისთან. მან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „დასავლეთი ახანგრძლივებს კონფლიქტს“.
ლავროვის მტკიცებით, რუსეთი მზადაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინა ამბობს, რომ დიალოგი არ იქნება, ვიდრე რუსეთს ბრძოლის ველზე არ დაამარცხებს.
როგორც BBC წერს, ლავროვმა ვიზიტის წინ, ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში განაცხადა, რომ რუსეთი აფასებს აფრიკელების „დაბალანსებულ პოზიციას“ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
აფრიკის ბევრი ქვეყანა მძიმედ განიცდის მარცვლეულის დეფიციტს, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია.
აფრიკის განვითარების ბანკის თქმით, აფრიკას ხორბლის 40%-ზე მეტით უკრაინა და რუსეთი ამარაგებენ. ეგვიპტე უკრაინული ხორბლის დიდი მომხმარებელია. 2019 წელს 3,62 მილიონი ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა.
შეგახსენებთ, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთმხრივი შეთანხმება 22 ივლისს გაფორმდა. 23 ივლისს, უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესის პორტზე იერიშს თავად რუსეთის პოლიტიკურ პოზიციებზე დარტყმად აფსებს.
„თუ ვინმეს მსოფლიოში ჯერ კიდევ შეუძლია, თქვას, რომ რუსეთთან რაღაც დიალოგი, რაღაც შეთანხმებებია საჭირო, შეხედეთ, რა ხდება. დღევანდელმა რუსულმა კალიბრმა რაკეტებმა გაანადგურეს ასეთი განცხადებების შესაძლებლობა. ჩვენ ვხედავთ მსოფლიო აბსოლუტურ ერთსულოვნებას ოკუპანტები ვეღარავის მოატყუებენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვსას.