მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება: კულება აფრიკის ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოუწოდ საერთაშორისო საზოგადოებას და აფრიკის ყველა ქვეყანას, ერთად იმუშაონ და ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რათა  უკრაინული საკვების ექსპორტისთვის უსაფრთხო საზღვაო გზა დაუშვას.

მისი თქმით, აფრიკის მრავალი ქვეყანა უკვე თანამშრომლობს უკრაინასთან სურსათის ექსპორტის საკითხის გადაწყვეტის მისაღწევად.

„უკრაინა აფრიკის ყველა ერთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა დაძლიოს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც პროვოცირებულია რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებებით“, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

მარცვლეულთან დაკავშირებული კრიზისი მომდევნო თვეში უნდა მოგვარდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო დამანგრეველ შედეგებს დაინახავს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლიზ ტრასმა 23 ივნისს განაცხადა.

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდაეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად.

ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ.

უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.