უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე სტამბოლში ოთმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში Twitter-ზე ავრცელებს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები.
„გაეროს ეგიდით, უკრაინის, რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის მიერ დღეს ხელმოწერილი შეთანხმება ხსნის გზას შავ ზღვაში სურსათის კომერციული ექსპორტისთვის. მიღწეული შეთანხმება მსოფლიოს მილიონობით ადამიანისთვის სურსათის დეფიციტით გამოწვეული კატასტროფის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. ეს არის იმედის, შესაძლებლობისა და შვების „შუქურა“, – წერს გაეროს გენერალური მდივანი.
გაეროს ცნობით, დოლმაბაჰჩეს სასახლეში მარცვლეულისა და სურსათის მიწოდების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ შეიქმნება საინსპექციო ჯგუფები, რომელშიც გაეროს წარმომადგენლები და სავარაუდოდ უკრაინელი, თურქი და რუსი სამხედროები შევლენ. გაეროს წარმომადგენლების ინფორმაციით, შეთანხმება ძალაში 120 დღის განმავლობაში იქნება.
უკრაინის პორტებს ხორბლის ექსპორტისთვის მოსამზადებლად 10 დღე დასჭირდებათ. თუმცა გაერო იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების საფუძველზე პროცესი საკმაოდ სწრაფად განვითარდება. ხელშეკრულება უზრუნველყოფს ხორბლის უსაფრთხო ექსპორტს „ოდესის“, „ჩერნომორსკის“ და „იუჟნის“ პორტებიდან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ თავდაცვის მიზნით, საპორტო წყლები დანაღმა, გაეროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ დროისთვის განაღმვის აუცილებლობა არ არის და გემები სამხედროების თანხლებით უსაფრთხო მარშრუტებით გადაადგილდებიან, რის შემდეგაც შავ ზღვაზე ბოსფორის სრუტით უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე გავა.
ამასთან, გაერომ მოაგვარა გემების დაზღვევის საკითხი, რომლებიც შავ ზღვაში და შემდგომ უკრაინის პორტებში ხორბლის გადმოსაზიდად შევლენ. პროცესში ჩართული იყო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინა წინასწარ არ აწერს ხელს რუსეთთან რაიმე დოკუმენტს.
„ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და მათ წინაშე ვალდებულებებს ვიღებთ. რუსეთი თურქეთთან და გაეროსთან სარკისებურ შეთანხმებას აფორმებს. არავითარი რუსული გემების სატრანსპორტო ესკორტი და რუსეთის წარმომადგენლების არსებობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციის შემთხვევაში იქნება დაუყოვნებლივი სამხედრო პასუხი. საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო გემების შემოწმებას თურქეთის წყლებში ერთობლივი ჯგუფი განახორციელებს“, – წერდა მიხაილო პოდოლიაკი.