საუდის არაბეთის პრინცმა ყაზახეთის პრეზიდენტს უმასპინძლა

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა და ვიცე-პრემიერმა მოჰამედ ბინ სალმანმა ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ თოყაევი ჯედაში მიიღო. მხარეებმა ოფიციალური მოლაპარაკებებისას სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

სხდომას საუდის არაბეთის მთავრობის სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად ესწრებოდნენ სამეფოს ენერგეტიკის მინისტრი პრინცი აბდულაზიზ ბინ სალმანი, ეროვნული გვარდიის მინისტრი პრინცი აბდულა ბინ ბანდარი და საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰანი.

ყაზახეთის მხრიდან მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ თლეუბერდი, პრეზიდენტის აპარატის უფროსის პირველი მოადგილე თიმურ სულეიმენოვი, ვიცე-პრემიერი და ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი ბახით სულთანოვი და ენერგეტიკის მინისტრი ბულათ აქშულაკოვი. 

ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო, ეკონომიკურ და საინვესტიციო თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სექტორში. პრეზიდენტმა თოყაევმა საუდის არაბეთს ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა. 

„საუდის არაბეთმა ერთ-ერთმა პირველმა აღიარა ყაზახეთის დამოუკიდებლობა. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი თანამშრომლობა ბევრ სფეროში გაძლიერდა. ყაზახეთ-საუდის ურთიერთობები ახლა მაღალ დონეზეა. თუმცა ჩვენი სურვილია, თანამშრომლობას ახალი იმპულსი მივცეთ. ეს გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებს აკმაყოფილებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები მომავალშიც გაძლიერდება“, - განაცხადა თოყაევმა.

მისივე თქმით, ყაზახეთი მზადაა საუდის არაბეთის ინვესტორებს შესთავაზოს განსაკუთრებული პირობები და პრივილეგიების ფართო სპექტრი ორმხრივი ინტერესის სხვადასხვა სფეროში.

თავის მხრივ, მოჰამედ ბინ სალმანმა ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მიზანი დაადსტურა.  ამ ძალისხმევაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, მისი თქმით, ენიჭება ბიზნეს საბჭოს, რომელიც ყაზახეთიდან და საუდის არაბეთიდან  ბიზნესმენებს აერთიანებს. გლობალური სასურსათო კრიზისის კონტექსტში, მოჰამედ ბინ სალმანმა ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტიციებისთვის საუდის არაბეთის კომპანიების ინტერესი გამოხატა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა თოყაევმა ტახტის მემკვიდრე პრინცი საპასუხო სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში მიიწვია. მოჰამედ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ სიამოვნებით იღებს მოწვევას და მზად არის, მიღწეული შეთანხმებების შედეგების განსახილველად ყაზახეთს ეწვიოს.