გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდის საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. აბდულა შაჰიდი საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ორგანიზაციის მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობის ნათელი დადასტურებაა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გართულებულ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე და რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების, ახალგაზრდობის ჩართულობის ხელშეწყობის საკითხებს.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო აქტიურად არის ჩართული გაეროს გენერალური ასამბლეის, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურის მუშაობაში. მათ შორის, მინისტრის თქმით, საქართველო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესების თანაფასილიტაციის და თემატური რეზოლუციების ინიცირებისა და თანაავტორობის კუთხით.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს, მოინახულებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას სოფელ წეროვანში და ადგილზე გაეცნობა ოკუპაციის შედეგად შექმნილ ვითარებასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას.
გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტი ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა სახელმწიფო სერვისების მიწოდების მოქმედ მოდელს და იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ინიციატივის ფარგლებში და რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
აბდულა შაჰიდი ასევე მოინახულებს საქართველოში გაეროს ოფისს და შეხვედრებს გამართავს გაეროს პროგრამაში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.