ისრაელის პრემიერი ლაპიდი, რომელიც ასევე იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას, დელეგაციას გზავნის მოსკოვში. დელეგაციაში იქნებიან პრემიერ-მინისტრის აპარატის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და იმიგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები. მას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი ალონ უშპიზი.
„პრემიერმა ლაპიდმა განაცხადა, რომ რუსეთთან კავშირები მნიშვნელოვანია ისრაელისთვის. ებრაული თემის საქმიანობა რუსეთში მნიშვნელოვანია და ის მონაწილეობს ყველა დიპლომატიურ დისკუსიაში მოსკოვის ადმინისტრაციასთან“, - ნათქვამია პრემიერის ოფისის განცხადებაში.
ამასთან, მისივე შეფასებით, „ებრაული სააგენტოს ოფისების დახურვა იქნება მძიმე მოვლენა, რომელიც გავლენას მოახდენს ამ კავშირებზე“. ლაპიდის განმარტებით, დელეგაცია მზად იქნება მოსკოვში წასასვლელად, როგორც კი „მოლაპარაკებებზე რუსეთის თანხმობას მიიღებს“.
გასულ კვირას, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ებრაული სააგენტოს საქმიანობის „დაშლის“ შესახებ ოფიციალურად მოუწოდა, მიზეზად კი, ორგანიზაციის მიერ „ადგილობრივი კანონების დარღვევა“ დაასახელა. თუმცა Timesofisrael-ის ცნობით, ისრაელი თვლის, რომ ეს ნაბიჯები არა სამართლებრივ საკითხებს, არამედ, უკრაინის მხარდაჭერისთვის მოსკოვის მიერ იერუსალიმის წინააღმდეგ შურისძიებას უკავშირდება.
ინფორმაციისთვის, ებრაულ სააგენტოს, რომელიც ისრაელის მთავრობის არაოფიციალურ ნაწილს წარმოადგენს, ისრაელში იმიგრაციის ზედამხედველობა და წახალისება ევალება. ისრაელში ემიგრაციის მსურველებმა განაცხადები სწორედ ებრაული სააგენტოს მეშვეობით უნდა წარადგინონ. ორგანიზაცია ასევე აწარმოებს საგანმანათლებლო პროგრამებსა და სხვა აქტივობებს.