ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ქმედებები ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას.
„ბოლო დღეები ვხედავთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან დაკავშირებულმა „ლელომ“ და „სტრატეგია აღმაშენებლმა“, ნაცვლად საკითხებზე საპარლამენტო ფორმატში ერთობლივი მუშაობისა, შექმნეს საკუთარი პარტიული ფორმატი. უფრო მეტიც, ისინი სექტემბრიდან აანონსებენ პოლიტიკურ რადიკალიზაციას და ქუჩის აქციებს.
ნათელია, რომ „ტექნიკური მთავრობის” ჩავარდნილი პროექტის შემდეგ, ოპოზიციის ეს რადიკალური ნაწილი ახლა „ტექნიკური პარლამენტის” პროექტზე გადაერთო, რაც არის ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის დელეგიტიმაციის მცდელობა და კონსტიტუციურ წეს-წყობილობასთან სახიფათო თამაში. ამასთან, მსგავსი პოლიტიკური თვითშემოქმედება აღვივებს პოლიტიკურ პოლარიზაციას და პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს მიერ დასახელებული 12 პუნქტიდან პირველივეს - დეპოლარიზაციას.
მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის გაღრმავებისკენ და პარლამენტის დელეგიტიმაციისკენ გადადგმული ეს ნაბიჯი დასაწყისშივე მკაფიოდ შეფასდეს, როგორც სამოქალაქო სექტორის, ისე საერთაშორისო აქტორების მხრიდან, რათა, ხალხის მოლოდინის საპირისპიროდ, არ მოხდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დისკრედიტაცია და არ წახალისდეს რადიკალური დღის წესრიგი. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დავაკვირდები ამ შეფასებების დროულობას და სიცხადეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ამასთან, ევროკომისიის რეკომენდაციების პირველი პუნქტი დეპოლარიზაციას მოიცავს.