აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, ოდესის პორტზე სარაკეტო თავდასხმა განმეორებაა იმ სცენარის, რომელიც კრემლმა სირიაში გამოიყენა, როდესაც ჰუმანიტარული ტვირთები დაბომბა. კირბი ამბობს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი ეწინააღმდეგება მათ განცხადებებს, რომ მზად არიან, იყვნენ ხსენებული შეთანხმების „კეთილსინდისიერი მონაწილეები“.
„სამწუხაროდ, რუსეთისგან მსგავსი ქმედება ადრეც გვინახავს. - შეგიძლიათ, გაიხსენოთ თუნდაც სირიის ომი, სადაც ბომბავდნენ ჰუმანიტარულ ტვირთს, რომელიც სირიის მოქალაქეებისთვის და სირიელი ლტოლვილებისთვის იყო განკუთვნილი“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-თან.
კირბიმ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ასეთი თავდასხმები „აღარ განმეორდება“. თავის მხრივ, აშშ „ძალიან ყურადღებით დააკვირდება“ პორტის ინფრასტრუქტურაზე მიყენებულ ზიანს და იმას, შეიძლება თუ არა მან გავლენა მოახდინოს ტერმინალების მუშაობაზე“.
შეგახსენებთ, სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განმარტა, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმების თანახმად, უკრაინა წინასწარ არ აწერს ხელს რუსეთთან რაიმე დოკუმენტს.
„ჩვენ ხელს ვაწერთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან და მათ წინაშე ვალდებულებებს ვიღებთ. რუსეთი თურქეთთან და გაეროსთან სარკისებურ შეთანხმებას აფორმებს. არავითარი რუსული გემების სატრანსპორტო ესკორტი და რუსეთის წარმომადგენლების არსებობა ჩვენს პორტებში. პროვოკაციის შემთხვევაში იქნება დაუყოვნებლივი სამხედრო პასუხი. საჭიროების შემთხვევაში, სატრანსპორტო გემების შემოწმებას თურქეთის წყლებში ერთობლივი ჯგუფი განახორციელებს“, – წერდა მიხაილო პოდოლიაკი.
შეთანხმებიდან ერთი დღის შემდეგ, 23 ივლისს რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.