გადაწყვეტილებები, რომელიც ეროვნული ბანკის გუნდმა ხანგრძლივი დისკუსიების, სცენარების შეფასების, ანალიზის შედეგად მიიღო, სწორედაც რომ ამ სიტუაციის შესაფერისი იყო, ანუ, არ იყო რადიკალური - ინფლაციის კონტროლი რეფინანსირების განაკვეთის მატებით ხდებოდა, მაგრამ ეს მატება იყო ფრთხილი და მოზომილი, ისე, რომ ეკონომიკის გამოცოცხლების პროცესს არ დასწოლოდა, მაგრამ ინფლაციის კვლავ შემცირების პერსპექტივა მაინც შენარჩუნებულიყო, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშით გამოსვლიას კობა გვენეტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს ეროვნული ბანკი მივიდა იმ ეტაპამდე, როცა ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი დაძლეულია.
„ქვეყანამ გაიარა ურთულესი პანდემიის პერიოდი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებით. აღსანიშნავია, რომ ფინანსური სტაბილურობის საკითხების და მაკროპრუდენციული პოლიტიკის აქტუალობა მსოფლიოში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გაიზარდა. 2020 წელს განვითარებულმა პანდემიამ და შედეგად წარმოქმნილმა გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი მაკროპრუდენციულ პოლიტიკასა და საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ახორციელებს.
ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტება პანდემიის პირობებშიც განაგრძო. პანდემიამდე ეროვნული ბანკის მიერ დამატებითი კაპიტალის დაწესებულმა მოთხოვნებმა, პასუხისმგებლობიანი დაკრედიტების რეგულაციის ამოქმედებამ და სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომების თანმიმდევრულად გატარებამ ხელი შეუწყო აქტივების მდგრად ხარისხსა და კაპიტალის საკმარისი ბუფერების დაგროვებას", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.