„ჩვენ მზად ვართ, შევერიოთ ერთმანეთს, მაგრამ არ გვინდა, გავხდეთ შერეული რასის ხალხები”, - უნგრეთის პრემიერ-მინისტრის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელი ვიქტორ ორბანის ამ განცახადების შემდეგ გადადგა.
ჟუჟა ჰეგედუსმა, რომელიც 20 წელია, ორბანს იცნობს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იყო მისი მრჩეველი, უნგრული მედიის თანახმად, პრემიერ-მინისტრის სიტყვას „წმინდად ნაცისტური ტექსტი” უწოდა.
გასული კვირის ბოლოს, ორბანი სიტყვით გამოვიდა რუმინეთის იმ რეგიონში, სადაც მრავალრიცხოვანი უნგრული თემი ცხოვრობს. ორბანმა თქვა, რომ ევროპელი ხალხები თავისუფალნი უნდა იყვნენ ერთმანეთთან შერევის კუთხით, თუმცა არაევროპელებთან შერევამ, მისი სიტყვებით, „შერეული რასის სამყარო“ შექმნა.
ჟუჟა ჰეგედუსისთვის ორბანის ეს რეპლიკები წითელი ხაზი აღმოჩნდა. „არ ვიცი, როგორ ვერ შეამჩნიეთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმული სიტყვა არის წმინდად ნაცისტური ტირადა, ჯოზეფ გებელსისთვის შესაფერისი”, - აღნიშნულია ჰეგედუსის წერილში. მისი თქმით, ის დიდი ხნის განმავლობაში იცავდა პრემიერ-მინისტრს, როცა ანტისემიტიზმში ადანაშაულებდნენ, თუმცა მისი ბოლო გამოსვლა გაუმართლებელია.
„გულწრფელად ვწუხვარ, რომ ასეთმა სამარცხვინო პოზიციამ მაიძულა, გავწყვიტო ჩვენი ურთიერთობა”, - წერს ჟუჟა ჰეგედუსი.
ორბანი 2022 წლის აპრილში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი მეოთხე ვადით გახდა.