ავსტრიის პრეზიდენტის ალექსანდრე ვან დერ ბელენის განცხადებით, უკრაინელები, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასევე იბრძვიან ღირებულებებისთვის, მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.
„ჩვენი თავისუფლება გამოცდის წინაშეა. ჩვენს დემოკრატიაზე თავდასხმა მიმდინარეობს. ჩვენ კიდევ ერთი ომი გვაქვს ევროპაში. იღუპებიან ქალები, კაცები, ბავშვები, ოჯახები", - განაცხადა ავსტრიის პრეზიდენტმა.
ვან დერ ბელენის თქმით, დასავლური დემოკრატიებისთვის მიუღებელია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ.
„ახლა პუტინს არამხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი დაჩოქებაც სურს“, - აღნიშნა ავსტრიის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, აუცილებელია იმის აღიარება, რომ „ეს ბრძოლა დესპოტიზმსა და თავისუფლებას შორის“ არ დასრულდება რამდენიმე კვირაში ან თვეში.