დასავლეთის ქვეყნებში რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, გაზსაცავების პოტენციალთან დაკავშირებით დისკუსია მიმდინარეობს.
ევროპის ქვეყნებში გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 110 მილიარდ კუბურ მეტრადაა შეფასებული, მაშინ როცა ბუნებრივ აირზე მოთხოვნა 400 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
როგორც სააგენტო Anadolu Gas Infrastucture Europe-სა და ევროკომისიაზე დაყრდნობით წერს, წლის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთისგან მოხმარებისთვის საჭირო გაზის 40% შეისყიდა.
ამ დროისთვის ევროკავშირის ქვეყნები, რუსული გაზის ალტერნატივას ეძებენ.
26 ივლისს ევროპის ქვეყნებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, მიმდინარე ზამთარში გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე. ამ გადაწყვეტილების მიზანია ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების ამაღლება და უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შეთანხმების თანახმად, ევროპის ქვეყნები 1-ელი აგვისტოდან 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით გაზის მოხმარებას 15%-ით შეამცირებენ.
გაზსაცავები თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის 18 ქვეყანას აქვს. ყველაზე მეტ (92 მილიარდ კუბურ მეტრ) გაზს გერმანია მოიხმარს, რომლის ტერიტორიაზეც ევროკავშირში ყველაზე მსხვილი გაზსაცავებია. მათი რეზერვები 24 მილიარდ კუბურ მეტრად არის შეფასებული, თუმცა გაზსაცავების შევსების მაჩვენებელი გერმანიაში 66%-ს შეადგენს.
იტალიის გაზსაცავების კუმულაციური სიმძლავრე 20 მილიარდი კუბური მეტრია. იტალია წელიწადში 71 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს მოიხმარს. ბოლო მონაცემებით, ამ ქვეყნის გაზსაცავებში მარაგი 70% აღწევს.
ნიდერლანდების ყოველწლიური მოხმარება 44 მილიარდი კუბური მეტრია, თუმცა გაზსაცავების მარაგი 14 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისთვის ობიექტები 62%-ითაა დატვირთული.
უკრაინის წლიური მოხმარება, რომელც ახლა რუსეთთან ომშია ჩართული, 27 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, ხოლო გაზსაცავებში მარაგის შესაძლებლობა 31 მილიარდი კუბური მეტრია. ამ დროისათვის საცავები 22,9 % შევსებული.
ევროპის გაზსაცავების მონაცემები:
ქვეყანა | გაზის მოხმარება (მილიარდი კუბური მეტრი | გაზსაცავის ტევადობა (მილიარდი კუბური მეტრი) | შევსების მაჩვენებელი(%) |
ესპანეთი | 32,1 | 3,5 | 75,6 |
ბელგია | 18,4 | 0,92 | 71,4 |
რუმინეთი | 11,7 | 3,38 | 55,1 |
უნგრეთი | 10,6 | 6 | 49,2 |
ავსტრია | 8,8 | 9 | 51 |
ჩეხეთი | 8,8 | 3,68 | 77,7 |
პორტუგალია | 5,9 | 0,37 | 99 |
საბერძნეთი | 5,8 | - | გაზსაცავები არ აქვს |
სლოვაკეთი | 4,9 | 3,96 | 68,3 |
ბულგარეთი | 3 | 0,59 | 44,4 |
ხორვატია | 3 | 0,53 | 47,9 |
დანია | 2,8 | 0,93 | 85,6 |
ფინეთი | 2,6 | - | გაზსაცავები არ აქვს |
ლიეტუვა | 2,4 | - | გაზსაცავები არ აქვს |
შვედეთი | 1,4 | 0,1 | 90,7 |
ლატვია | 1,1 | 2 | 50,8 |