თურქეთი, შუა დერეფნის ფარგლებში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის უფრო აქტიურად გამოყენების ინიციატივით გამოდის. „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი რგოლია“, - ამის შესახებ თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სტამბოლში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თმით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შუა დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. „ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებისთვის, არამედ საერთაშორისო ვაჭრობისა და ლოგისტიკისთვის“, - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონში ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა უაღრესად მნიშვნელოვანი, ფაქტობრივად გლობალური ენერგეტიკული პროექტები.
„ეს განხორციელდა საქართველო-თურქეთისა და ასევე, აზერბაიჯანის თანამშრომლობით. ამ პროექტების მნიშვნელობა ჩვენთვის ძალზედ დიდია და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებითაც ჩვენი თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს და წარმატებით განვითარდეს. სწორედ ამ მიდგომით განვახორციელეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორიც არის ბაქო-თბილისი ყარსი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და გაზის სამხრეთის დერეფანი. ასევე, ძალზედ დიდი სურვილი გვაქვს, რომ სრულფასოვნად უზრუნველვყოთ ისეთი მნიშვნელოვანი გლობალური ინფრასტუქტურული-სატრანსპორტო პროექტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. ამ თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი თანამშრომლობის მორიგი ფორმატი, უახლოეს მომავალში შედგება საქართველო-თურქეთ აზერბაიჯანის სამმხრივი სხდომა, რათა მსგავსი პროექტები იყოს განხილული. ძალზედ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის გამოყენება, რომლის სრულფასოვნად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას ვწევთ ჩვენს მეგობარ და კეთილმეზობელ ქვეყნებთან ერთად.
ამ მხრივ მინდა, აღვნიშნო, რომ რამდენიმე ხნის წინ გაიმართა სამმხრივი შეხვედრა თურქეთ-აზერბაიჯან-ყაზახეთის დელეგაციებს შორის ბაქოში, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება მომდევნო შეხვედრა ტაშკენტში, სადაც განხილული იქნება შუა აზიის მიმართულებით ტვირთბრუნვის, სახმელეთო გადაზიდვების მექანიზმის გააქტიურებისა და გაუმჯობესების გზები. მოგეხსენებათ, არსებული ვითარების გათვალისწინებით და ზოგადად, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, უაღრესად გართულდა და ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა რუსეთის გავლით ევროპის მიმართულებით ტვირთბრუნვა. ჩვენ გვსურს, ეს პროცესი მაქსიმალურად სარგებლიანი და მაქსიმალურად მარტივი გავხადოთ და ამ პროცესში აქტიურად ჩავრთოთ საქართველო. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მხრივ აუცილებელია ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, მუშაობის გააქტიურება“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ცნობისათვის, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ან ყარსი-ახალქალაქი-თბილისი-ბაქოს რკინიგზა რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მაგისტრალია, რომელიც ერთმანეთს პირდაპირ აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მანამდე, 2007 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას.
თავდაპირველად პროექტის დამთავრება 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ შემდგომ 2013 წლამდე გადაიდო. 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა, ზია მამადოვმა განაცხადა, რომ პროექტი 2015 წლის მეორე ნახევრამდე ვერ დასრულდებოდა და ახალი სამგზავრო მატარებლები 2016/17 წლამდე ვერ გაივლიდნენ.
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რკინიგზის მეშვეობით ენერგოკორიდორის შესაქმნელად შენდება, რომელსაც რესურსებით ძირითადად აზერბაიჯანი მოამარაგებს. ამის გარდა, თურქეთიდან დსთ-ის მიმართულებით მიმავალი გადაზიდვებიც სწორედ ამ ხაზზე გადმოინაცვლებს. აგრეთვე, იმის გამო, რომ ამჟამინდელი გადაზიდვები ირანის მიმართულებით ხანგრძლივ შეყოვნებებს განიცდიან ვანის ტბასთან და ირანის სასაზღვრო ქალაქ სარახსთან, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის გახსნის შემდეგ ამ მიმართულებიდანაც მიიზადავს დამატებით ტვირთებს.
დასაწყისისთვის ელიან, რომ ხაზის ყოველწლიური ტვირთბრუნვა 6,5 მილიონი ტონა იქნება, გრძელვადიან გათვლაში კი ამ მაჩვენებლის 17 მილიონ ტონამდე გაზრდას ისახავენ მიზნად. 2015 წლის 29 იანვარს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა გაიარა, ხოლო 2017 წლის 30 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.