საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან მუსტაფა შენთოფთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის საპარლამენტო თანამშრომლობაზე, როგორც უმაღლეს, ასევე საპარლამენტო კომიტეტების დონეზე. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივ ფორმატში აქტიურ საპარლამენტო კავშირებს.
თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თურქეთის მტკიცე მხარდაჭერა. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ხაზი გაუსვეს მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად მხარეთა ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას.