ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებს Europetime-თან აფასებს.
"ბევრი ამბობს, რომ ეს არის ტრამპის ეპოქის დასასრული“, "ძალადობის დასასრული“ და რომ „ეს ყველაფერი გვიჩვენებს, სად მივყავართ ძალადობას“, თუმცა მე ვეჭვობ, რომ ეს დასაწყისია - თუ მოსახლეობის 35% თვლის რომ, ეს არჩევნები გაყალბდა, მაშინ ისინი ჩათვლიან, რომ გუშინდელის მსგავსი ქმედებები ლეგიტიმურია.
სწორედ ამიტომ, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ უფრო მეტი და არა ნაკლები, ძალადობა ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი.
ტრამპი არ დასრულებულა. პარტიაში ისევ დომინირებენ მისი მომხრე ძალები და გუშინაც კი არ დაუგმიათ მომხდარი, როგორც ეს საჭირო იყო.
ტრამპი აშშ-ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტია უდავოდ. ჩემი აზრით, რაც დრო გავა, ამას მიხვდება ყველა, ვისაც კი აქვს შეხება პოლიტიკასთან, ან წერს პოლიტიკაზე.
75 მილიონმა ადამიანმა მისცა მას ხმა. გუშინდელი მოვლენების შემდეგ, შესაძლოა, მან გარკვეული მხარდაჭერა დაკარგა, თუმცა არა უმრავლესობის. ამიტომ, შესაძლოა ამერიკელების მესამედი მაინც დარჩეს „ტრამპის კულტის“ მიმდევარი.
არ მგონია, რომ მან კვლავ იყაროს კენჭი 2024 წელს, არა პოლიტიკური მიზეზების გამო, არამედ უფრო მისი ჯანმრთელობის გამო, თუმცა ის ეცდება, რომ დარჩეს ამერიკის პოლიტიკის აქტიურ დამკვირვებლად.
რაც შეეხება ოლიგარქიას, არ ვიცი ეს სიტყვა როგორ გავიგო, თუმცა ერთ-ერთი მსგავსი რამ, რაც დაკავშირებულია დემოკრატიის საფრთხესთან, არის ის რომ, როდესაც სიმდიდრეს და უთანასწორობას მივყავართ განსხვავებულ შესაძლებლობებთან, განსხვავებულ გამოცდილებებთან ხალხის დიდ ჯგუფებში, სწორედ მაშინ ჩნდება დემოკრატიისთვის საფრთხე. ამერიკაშიც და სხვაგანაც, თუ არ იქნება სოციალური მობილობა, შესაძლებობა, რომ კარგად მოემზადო, სამსახური იშოვო და ცხოვრებაში წინ წაიწიო, მაშინ ეს ყველაფერი დემოკრატიას ძირს გამოუთხრის", - განუცხადა მიტჩელმა Europetime-ს.
დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.
ვაშინგტონის პოლიციის განცხადებით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა.