დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის ორივე კანდიდატი უკრაინის მხარდაჭერის პირობას დებს

ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ყოფილმა ხელმძღვანელმა რიში სუნაკმა და ამჟამინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა ბოლო დებატებისას განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინის ურყევი მხარდაჭერის პოლიტიკას განაგრძობენ. ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.

„ორივე კანდიდატი აცხადებს, რომ განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას, რამაც (პოსტიდან მიმავალი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი) უფრო პოპულარული გახადა კიევში, ვიდრე ლონდონში“, - წერს გამოცემა.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას 4 მილიარდი ფუნტის (5 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება და წვრთნის უკრაინელ სამხედრო პერსონალს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. სუნაკი და ტრასი პიდობას დებენ, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი არ შენელდება.

ორივე კანდიდატმა ასევე პირობა დადო, რომ თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-ზე მაღალი იქნება, რაც NATO-ს რეკომენდაციებს შეესაბამება. 

მმართველი კონსერვატიული პარტიის წევრები ბრიტანეთის მთავრობის ამჟამინდელი მეთაურის ბორის ჯონსონის მემკვიდრეს უყრიან კენჭს. კენჭისყრის შედეგი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.