უკრაინა მზადაა, მარცვლეულის გადაზიდვისთვის და პარტნიორებისგან ნიშანს ელოდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩორნომორსკს ეწვია. მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურის მინისტრი კავშირზეა თურქულ მხარესთან და გაეროსთან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დავრჩეთ გლობალური სასურსათო უსაფრთხოების გარანტი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკისთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბრიჯიტ ბრინკი, დიდი ბრიტანეთის ელჩი მელინდა სიმონსი, იტალიის ელჩი პიერ ფრანჩესკო ზაზო, კანადის ელჩი ლარისა გალაძა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ანკა ფელდჰუსენი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე. გაეროს სისტემის კოორდინატორი ოსნატ ლუბრანი. როგორც ცნობილია, 27 ივლისს სტამბოლში გაიხსნა ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია შავი ზღვის გავლით უკრაინის ხორბლის ექსპორტის კონტროლზე.
27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა.
სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა.
რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად.