საქართველოს მთავრობის ცენტრალური აზიის ქვეყნებში ტურნეს დროს, ერთი მთავარი საკითხი გამოიკვეთა: უზბეკეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის ინტერესის სფეროა ტრანსკასპიური მარშრუტი (შუა დერეფანი), რომლის მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველო.
Europetime-თან ინტერვიუში თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ეკონომისტი ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანმა შეჭრამ, საქართველოსთვის ბევრი შესაძლებლობა გააჩინა. კერძოდ, ჩინეთი და ყაზახეთი უარს ამბობენ რუსულ მარშრუტებზე და საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს.
„ყაზახეთის მთავრობა ეძებს ნავთობის გადასაზიდად რუსეთის მარშრუტის ალტერნატივას და ამ გზამ საქართველოზე უნდა გაიაროს. უზარმაზარი პერსპექტივები გვაქვს. საქართველოს მთავრობის ვიზიტი ცენტრალური აზიის ქვეყნებში დროული იყო. საგულისხმოა ისიც, რომ ჩინეთმა პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში უარი თქვა ევროპისკენ მიმავალი რუსული მარშრუტების დაფინანსებაზე მაშინ, როცა რუსეთი მისთვის ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მეშვეობითაც, ევროპის ნებისმიერ წერტილში შეუძლია ტვირთის მარტივად მიტანა. ამ ფონზე ტრანსკასპიური მარშრუტის მნიშვნელობა იზრდება“, - აცხადებს რამიშვილი.
ასტანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან სამოილოვმა ღიად თქვა, რომ მისი ქვეყნისთვის ტრანსკასპიური მარშრუტი მნიშვნელოვანია და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურული შეზღუდვების მოხსნა სარკინიგზო მონაკვეთებსა და საზღვაო პორტებში. ამასთან, საჭიროა მოქმედი ტარიფების გადახედვა.
„ამ მარშრუტს აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნებისთვის. ყაზახეთი მხარს უჭერს ყველა ინიციატივას, რაც რეგიონის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას დასჭირდება. რა თქმა უნდა, აქ დაინტერესებული მხარეების ინტერესებში ბალანსი უნდა იყოს დაცული. ამასთან, ტრანსკასპიური მარშრუტის პოტენციალის გასაზრდელად, მარშრუტის სხვა მონაწილეებს ვთავაზობთ საგზაო რუკის შემუშავებას, რომელიც მონაწილე ქვეყნების სინქრონული მოქმედებებით მარშრუტის მონაკვეთებზე არსებულ ხარვეზებს აღმოფხვრის. საგზაო რუკა 2022-2025 წლებს უნდა მოიცავდეს“, - განაცხადა ალიჰან სამოილოვმა.
Europetime-თან ინტერვიუში ტრანსკასპიურ მარშრუტის სატარიფო პოლიტიკასა და არსებულ პრობლემებზე ბადრი რამიშვილიც აკეთებს აქცენტს.
„საქმეს ართულებს ის, რომ საქართველოში ვიდრე შემოვა ტვირთი რამდენიმე ქვეყანა უნდა გაიაროს. ეს დიდი პრობლემაა კანონმდებლობის მხრივაც. ამავე დროს, ტვირთი ვიდრე საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, რამდენჯერმე უნდა მოხდეს მისი რკინიგზიდან პორტში და პორტიდან ტრაილერში გადატვირთვა, რაც ძალიან აძვირებს გადაზიდვას“.
ყაზახეთში ვიზიტისას მხარეებმა სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი:
1. მხარეებმა უნდა შეიმუშაონ საგზაო რუკა, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის 2023-2026 წლებში ნომენკლატურულ ტვირთბრუნვას გააუმჯობესებს,
2. თანამშრომლობის მემორანდუმი ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების, ინოვაციების და საჰაერო კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის;
3. შეთანხმება სს „ყაზახეთის თემირ ჟოლისა“ და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის თანამშრომლობის შესახებ.
რამიშვილის შეფასებით, სამივე ხელშეკრულება საკმაოდ მნიშვნელოვანია, მთავარია ხელისუფლებამ ამ მიმართულებაზე აქტიურად იმუშაოს.
- „შუა აზიის ქვეყნების ტვირთები რომ მოსაზიდია და სერიოზულ უპირატესობას მისცემს ქართულ ეკონომიკას ეს ფაქტია. თუნდაც ყაზახეთის ნავთობი და თურქმენეთის გაზი რომ წამოვიღოთ, მეტი არცაა საჭირო. ამასთან, უზბეკეთში ბამბაა და სხვა მნიშვნელოვანი ტვირთებია. შუა აზია თუ ავითვისეთ, ეს სრულად ეყოფა საქართველოს სატრანსპორტო პერსპექტივებს“.
კიდევ ერთი საკითხია, ჩინეთის მარშრუტი, რომლის გამოყენებაც ყაზახეთმა საქართველოს შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის მთავრობის ვებგვერდზე იძებნება.
საქმე ეხება ყაზახეთსა და ჩინეთს შორის არსებულ სარკინიგზო მარშრუტს, რომელიც გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ რაიონს (ჩინეთის სამხრეთის ნაწილი) ყაზახეთის დედაქალაქთან აკავშირებს. მარშრუტი 2021 წელს ამოქმედდა და ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი რკინიგზით გადაზიდვები 45-დან 13 დღემდე შემცირდა. ამ მარშრუტის მიზანია ყაზახეთის გავლით ტვირთების ევროპაში გადაზიდვა.
Europetime-თან ინტერვიუში ბადრი რამიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა, ჩინეთი საქართველოს პოტენციალით დაინტერესდეს და ტვირთები ამ მიმართულებიდან, შუა დერეფანში გადმოამისამართოს და საქართველოს რკინიგზის გავლით ბათუმისა და ფოთის პორტებით ევროპის ბაზარზე გაიტანოს.
„ახლახან ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი უარს ამბობს რუსეთში რიგი პროექტების განხორციელებაზე. მათ შორისაა, „ერთი სარტყელი ერთი გზა“. ამ პროექტზე რამდენიმე ტრილიონი დოლარის საინვესტიციო პროექტების პაკეტია მიბმული. რუსეთზე ამ პროექტის ფარგლებში რამდენიმე გზას უნდა გაევლო და ჩინეთის უარის გამო, პროექტები ჩაიშალა. ალბათ, ახლა ძალიან დიდი შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ამ პროექტმა საქართველოზეც გაიაროს და უზარმაზარი ტვირთების ნაკადი ჩვენკენ წამოვიდეს. ჩინეთი ალბათ თავად გამოიჩენს ინიციატივას. ყაზახეთი კი, მიხვდა, რომ რუსეთი არაა სანდო პარტნიორი და თანაც იქ, შესაძლოა, სამხედრო თვალსაზრისითაც აირიოს სიტუაცია. თუ რუსეთი არ შეეწირა უკრაინის კონფლიქტს, მისი შემდეგი სამიზნე ყაზახეთი იქნება. ამიტომ, ყაზახეთს ყველანაირად აწყობს რუსეთის გავლენებიდან გამოსვლა“, - აღნიშნა რამიშვილმა.
საქართველო და ყაზახეთი სავაჭრო ურთიერთობები
ყაზახეთში ექსპორტი რეკორდულად იზრდება. საქსტატის მონაცემებით, წელს 6 თვეში საქართველოდან აღნიშნულ ქვეყანაში 79,208 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, რაც თითქმის, 3-ჯერ (2,7-ჯერ) მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ექსპორტი ყაზახეთში - Top 10 პროდუქტი
- მსუბუქი ავტომობილები - $29,804 მლნ;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან- $12,006 მლნ;
- პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - $10,290 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები - $8,632 მლნ;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $4,252 მლნ;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $2,688 მლნ;
- მადნები და კონცენტრატები მანგანუმის - $1,480 მლნ;
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $1,371 მლნ;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - $1,001 მლნ;
- ღუმელები და კამერები სამრეწველი ან ლაბორატორიული - $896.2 მლნ.
იმპორტი ყაზახეთიდან - Top 10 პროდუქტი
- ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი- $4,498 მლნ;
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან, ნახშირი რეტორტისა - $2,110 მლნ;
- ხორბალი და მესლინი - $1,269 მლნ;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $1,128 მლნ;
- საპარსი საშუალებები, დეზოდორანტები - $749.7 ათასი;
- საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - $716.1 ათასი;
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $570.5 ათასი;
- ქვანახშირი, მყარი საწვავის სახეობები, მიღებული ქვანახშირისაგან - $525.7 ათასი;
- სატვირთო ავტომობილები - $439.6 ათასი;
- თევზი გაყინული - $382.2 ათასი.
2021 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე 28,719 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, ხოლო 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 17,994 მლნ აშშ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, წელს 6 თვეში16,289 მლნ აშშ დოლარის პროდუქტი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 9,323 მლნ აშშ დოლარის.