EXCLUSIVE
Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი უდასტურებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შავი ზღვის რეგიონის მიმართ ყოვლისმომცველი სტრატეგია უკვე აამოქმედა. სტრატეგია, რომელსაც Europetime გაეცნო, გულისხმობს გაზრდილ პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჩართულობას და სხვა მნიშვნელოვან აქტივობას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ხედვას ეფუძნება.
„შეერთებული შტატები ამ სტრატეგიას უკვე ახორციელებს და მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო კოორდინაციას გავაგრძელებთ, რათა სტრატეგია, საერთო მიზნების მისაღწევად წინ წავწიოთ.
მისი განხორციელების ვადები მიზანზე ან აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ზოგიერთი მიზანი, როგორიცაა, გაზრდილი პოლიტიკური ჩართულობა და შეტყობინებების გაგზავნა, მიმდინარე პროცესია; ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია.
ჩვენი სტრატეგია უზრუნველყოფს მთლიანი მთავრობის ხედვას და ჩარჩოს, რომლის მეშვეობითაც, ჩვენ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მიმდინარე ძალისხმევა, განვავითაროთ სამომავლო ინიციატივები და განვაცხადოთ დაფინანსების მოთხოვნის შესახებ, მისი განხორციელების მხარდასაჭერად,“ განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
რა არის შავი ზღვის სტრატეგია?
სახელმწიფო დეპარტამენტში, Europetime-თან ამბობენ, რომ 2023 ფისკალური წლის, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (NSC) აშშ-ის კონგრესი სთხოვდა, შავი ზღვის რეგიონის მხარდასაჭერად, შეემუშავებინა და განეხორციელებინა სტრატეგია, რომელიც გვთავაზობდა უსაფრთხო, აყვავებულ, ურთიერთდაკავშირებულ და მავნე ზეგავლენისგან, ეკონომიკური იძულებისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საფრთხისგან თავისუფალ გარემოს, NSC-მ სახელმწიფო დეპარტამენტს ანგარიშის შემუშავების უფლებამოსილება უწყებათაშორისი კოორდინაციის საფუძველზე გადასცა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სტრატეგია მოუწოდებს სააგენტოებს შეერთებული შტატების მთავრობაში, ითანამშრომლონ პარტნიორებთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე, რათა გაზარდონ პოლიტიკური და დიპლომატიური ჩართულობა, უზრუნველყონ რეგიონული უსაფრთხოება, გააძლიერონ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა, უზრუნველყონ სუფთა და უსაფრთხო ენერგია, გააძლიერონ კანონის უზენაესობა, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების პატივისცემას, ებრძოლონ კორუფციას და დეზინფორმაციას.
„შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის მეშვეობით, შეერთებული შტატები გააძლიერებს რეგიონის ქვეყნებთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და კეთილდღეობას ყველასათვის. სტრატეგია ასევე ასახავს ამერიკის მიდგომას, რომელიც უკრაინაში რუსეთის სასტიკი სრულმასშტაბიანი შეჭრის გრძელვადიანი შედეგების მყისიერ აღმოფხვრას გულისხმობს,“ აცხადებენ აშშ-ის საგარეო უწყებაში.
- ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია - ექსკლუზიური ინტერვიუ
ცნობისთვის, NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიიღეს, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. კონცეფცია შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს.
შავი ზღვის სამი სახელმწიფო, NATO-ს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი NATO-ს ძალიან ახლო პარტნიორი - უკრაინა და საქართველო. 2014 წელს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემდეგ, NATO-მ შავ ზღვასა და მის შემოგარენში თავისი ყოფნა გაზარდა. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ალიანსმა კიდევ უფრო გაამახვილა ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე NATO უფრო მეტ ფრენას ახორციელებს.
ეკონომიკური ზონა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა 25 იანვარს განაცხადა, რომ შავი ზღვა ეკონომიკური ჩართულობისთვის აქტიური ზონა გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება მოხდება. ასევე იქნება რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. ჯეიმს ო'ბრაიენმა აღნიშნა, რომ აშშ შავი ზღვის რიგ პროექტებზე ევროკავშირთან ერთად იმუშავებს.
„ჩვენ კვლავ ვიმუშავებთ ევროკავშირთან, რადგან ეს არის ფუნდამენტური პარტნიორობა,“ აღნიშნა ჯეიმს ო'ბრაიენმა.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ ფართო სპექტრის ქვეყნებში ჩართულობის წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის, რუსეთისთვის. ჩვენ ამას გავაკეთებთ საქართველოსთან ერთად,“ - განმარტა ბლინკენის თანაშემწემ.
- ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირი „შავი ზღვის სინერგიის“ შესრულების მე-4 ანგარიშზე მუშაობს, ევროკავშირი შავ ზღვაში ჩართულობის შესახებ მომავალ ხედვას განსაზღვრავს
-
სახელმწიფო დეპარტამენტი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიაზე: ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების თავდაცვის მოდერნიზაციის მხარდაჭერა უკვე დაწყებულია
-
რა დონემდე გაიზარდა NATO-ს სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე - NATO-ს მიერ განახლებულ დოკუმენტში საქართველოც არის ნახსენები