ევროზონაში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზეა

მიმდინარე წლის ივლისში ევროზონაში წლიურმა ინფლაციის დონემ 8.9%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროზონის ეკონომიკური ზრდის დონემ +4.0% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალთან შედარებით მშპ-ის მოცულობა 0.7%-ითაა გაზრდილი.

ევროსტატის განმარტებით, ინფლაციის დონის ზრდის ძირითადი მიზეზი ენერგორესურსების 40%-ით გაძვირება და სურსათის ფასების თითქმის 10%-ით ზრდაა.

რეკორდულად გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ბოლო ათწლეულში პირველად მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზო პუნქტით გაზარდა.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ევროკავშირის საშუალო ინფლაციურმა მაჩვენებელმა 9.6%-ს მიაღწია, ხოლო გასულ თვეს ევროზონის ინფლაცია 8.6 პროცენტს შეადგენდა.

S&P Global-ის ბოლო გამოკითხვის თანახმად, მწარმოებლები აფიქსირებენ მოთხოვნის მკვეთრ შემცირებას, ხოლო მაღალი ფასები აფერხებს აქტივობას მომსახურების სექტორში. JPMorgan-ი და Goldman Sachs-ი ევროზონაში რეცესიას პროგნოზირებენ. Goldman-ი აცხადებს, რომ ეკონომიკური ვარდნა რეალურად უკვე ამ კვარტალში დაიწყება.