20 წლის მირიან კუკავას მკვლელობაში ბრალდებულის, დავით ჯიჯეიშვილის ადვოკატმა, გიორგი გვაჯაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა. „დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო, სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო“, - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯეიშვილი და მოკლული, მირიან კუკავა ერთმანეთს არ იცნობდნენ. ამასთან, მკვლელობის მოტივზე განმარტებებს არ აკეთებს.
„29 ივლისს დავით ჯიჯეიშვილი დედის თანხლებით, პოლიციის განყოფილებაში აღიარებით მივიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას ათვითცნობიერებს, გულწრფელად ინანიებს მას და უკვე 29 ივლისიდან შესაბამისი სასჯელისთვის ემზადება. ამდენად, დღეს იმის ილუზია არ გვქონია, რომ შესაძლებელი იყო სასამართლოს რაიმე სხვა გადაწყვეტილება მიეღო. მეტსაც გეტყვით, უფრო ნაკლებად მკაცრ აღკვეთის ღონისძიების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მას ჩემთვის არც უკითხავს და ჩვენს შორის გირაოს გამოყენების შესაძლებლობის საკითხი არც განხილულა,“ - განაცხადა გიორგი გვაჯაიამ.
„მოტივი არის უკვე დეტალებზე საუბარი. დეტალებზე ორი მიზეზის გამო ვერ და არ ვისაუბრებ. პირველი: ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს და მეორე: მინდა იცოდეთ, რომ მე გარდა ჩემი პროფესიული ვალდებულების შესრულებისა, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს. შესაბამისად, საზოგადოების ცნობისმოყვარე ნაწილის დაკმაყოფილების ხარჯზე საზოგადოების შეგნებულ ნაწილს ვერ დავაზარალებ, რომელსაც შეიძლება იმ დეტალების საჯაროდ გახმოვანებით ტკივილი მიადგეს, რასაც ამ საქმესთან ჰქონდა შემხებლობა“, - აღნიშა ადვოკატმა.
მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ.