თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოსოვოელ და სერბ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში „საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს“. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისთვის ბალკანეთში მშვიდობასა და სტაბილურობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ანკარა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს დაძაბულობის შემცირებაში.
31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ.
ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში.
თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადაედო.