უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ინოვაციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა შერზოდ ასადოვმა განაცხადა.
მისი თქმით, უზბეკეთის, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სამინისტროების ხელმძღვანელები 2022 წლის 2 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს განიხილავენ.
„ეს არის თანამშრომლობის სრულიად ახალი მექანიზმი“, - აღნიშნა ასადოვმა. აზერბაიჯანის, უზბეკეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრა ტაშკენტში 2022 წლის 2 აგვისტოს გაიმართება.
უზბეკეთის მხარეს წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ნოროვი, ვიცე-პრემიერი, ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჯამშიდ ჰოჯაევი და ტრანსპორტის მინისტრი ილჰომ მაჰკამოვი. აზერბაიჯანს, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი და მთავრობის ეკონომიკური დარგების მინისტრები წარადგენენ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ 27 ივლისს განაცხადა, რომ აგვისტოს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გაემგზავრება თურქეთ-აზერბაიჯან-უზბეკეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მინისტრების სამმხრივ შეხვედრაზე დასასწრებად.