სეიმის საგარეო საქმეთა კომისიამ მიიღო განცხადების პროექტი, რომელიც რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობს, წერს Delphi.
დოკუმენტში ნახსენებია რუსეთის მხარდაჭერა სეპარატისტებისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე, სარაკეტო თავდასხმები ოდესის მახლობლად საცხოვრებელ უბანსა და კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე.
„რუსეთი უგულვებელყოფს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო წესრიგისა და მისი ინსტიტუტების მიმართ და მიზანმიმართულად აღრმავებს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც გამოიწვევს შიმშილსა და ტანჯვას მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადების პროექტში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ძალები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აკრძალულ კასეტურ ბომბებს უკრაინაში შიშის დასათესად და მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩევლად დასახოცად იყენებენ.
ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.