უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ეუთოს თავმჯდომარესთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან განიხილა უკრაინელი სამხედრო ტყვეების საკითხი, ასევე, „ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობა“. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„როგორც სტოლტენბერგთან, ასევე რაუსთან მოლაპარაკებების დროს მე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე რუსეთის მიერ ჩვენი სამხედრო ტყვეების საკითხს, ასევე, რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას ოლენივკაში, რომელიც უნდა გახდეს გადამწყვეტი არგუმენტი მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარონ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 2 აგვისტოს ლატვიის სეიმის კომისიამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი დაუჭირა.