საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დაადასტურეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.
„მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და 2008 წლის რუსეთის აგრესიიდან მე-14 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება.
მხარეებმა განიხილეს საქათველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. ხაზი გაესვა აშშ-ის ინტერესს ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ამ კუთხით, ამერიკული მხარე მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ ისტორიულ შეხვედრას თბილისში.
შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.