ეროვნულმა ბანკმა 2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეცვალა. ფინანსური ინსტიტუტი 9%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამ გადაწყვეტლების შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტება გააკეთა.
„წინასწარი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა. ინფლაციურ რისკებს ასევე ის ფაქტიც აძლიერებს, რომ, ერთმანეთის მიმყოლი შოკების ფონზე, ინფლაცია მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივად არის გადახრილი. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მიუხედავად, საკრედიტო აქტივობა წლის განმავლობაში კვლავ მაღალია, რაც, ერთი მხრივ, სამომხმარებლო, ხოლო, მეორე მხრივ, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ჭარბი ზრდის შედეგია.
შესაბამისად, სამომხმარებლო დაკრედიტების შესანელებლად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მიზანშეწონილად მიიჩნევს დამატებითი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების გამოყენებას. ამასთან, მოსალოდნელია, რომ აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს“,- აღნიშნა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, ეროვნული ბანკი 2022 წელს 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე, პროგნოზი 4.5%-მდე შეამცირა.