პრემიერი: 1200 ლარიანი დახმარების გასაცემად აღრიცხვა დაიწყო

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ცნობით, ახალი წლიდან მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ეტაპი იწყება, რომელიც უკვე სისტემურ ნაბიჯებს და სისტემურ სოციალურ მხარდაჭერასითვალისწინებს.

პრემიერის განმარტებით, სოციალური დახმარების პირველი ეტაპი 1 200 ლარიანი მხარდაჭერა იქნება.

„ 2020 წლის 28 ნოემბრის შემდგომ, როდესაც ჩვენ მიზნობრივი შეზღუდვების ახალი ეტაპი გავაცანით ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ამ შეზღუდვებთან ერთად გავაცანით სოციალური მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა მიზანიც იყო ამ შეზღუდვებზე პასუხი – ეს იყო ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება, რომლითაც უკვე ისარგებლა, ფინანსთა სამინისტრო დამეთანხმება, 120 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს უკვე სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა.1200 ლარიან დახმარებას ჩვენი მოქალაქეები აიღებენ ექვსი თვის განმავლობაში, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა პირველ ეტაპზე. ეს დახმარება გაიცემა და დაიწყო აღრიცხვა, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური და არ იღებენ ხელფასს 2020 წლის დეკემბრიდან. ეს არის პირველი ნაწილი”, -აღნიშნა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის სააკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.

„პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული", - განაცხადა პრემიერმა ბრიფინგზე.

პრემიერი: სოციალურად დაუცველები და მრავალშვილიანი ოჯახები 100 ლარიან დახმარებას ყოველთვე მიიღებენ