პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ცნობით, მოქალაქეები, რომლებიც არიან 65 000-დან 100 000 ქულამდე, სოციალურად დაუცველის რანგში, ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა.
სოციალური დახმარებების ახალ ეტაპზე პრემიერა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გახარიას თქმით დახმარებას ასევე მიიღებს 0-დან 100 ათასი ქულის მქონე ყველა მოქალაქე , რომელსაც ოჯახში ჰყავს სამი ან მეტი შვილი 16 წლამდე, მათაც ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვიურად ექნებათ 100 ლარიანი მხარდაჭერა.
„18 წლამდე შშმ და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის, ასევე ყოველთვიურად, ექვსი თვის განმავლობაში, იქნება 100 ლარიანი მხარდაჭერა. ამ სოციალური მხარდაჭერის პორტფელის ბიუჯეტი არის დაახლოებით 610 მილიონი ლარი.გარდა ამისა, იქნება კონკრეტული მიზნობრივი მხარდაჭერა კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები. ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები ამისთვის მზად არიან. არანაირი შეფერხება აქ არ უნდა იყოს. მთავარია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, მათ, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს და მათ, ვისაც ეკუთვნით ეს მიზნობრივი სოციალური დახმარება, რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯის შედეგად სოციალური მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც მთავრობა განახორციელებს და აღნიშნა, რომ მთავარია, მოქალაქეებმა კუთვნილი დახმარება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად მიიღონ.
„პირველივე დღიდან, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიის პირველი შემთხვევები გაჩნდა, რა თქმა უნდა, ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო პირველ რიგში ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ეკონომიკისთვის მინიმალური ზიანის მიყენება ეს იყო ის ძირითადი მიზნები, რომელსაც ემსახურებოდა ჩვენი თითოეული ნაბიჯი. მოგეხსენებათ, პირველივე ეტაპზე, ეს იყო გაზაფხულზე, ჩვენ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას მიზნობრივი სოციალური დახმარების მთელი რიგი ნაბიჯები, ისევე როგორც ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული ღონისძიებები იყო განხორციელებული", - განაცხადა პრემიერმა ბრიფინგზე.
პრემიერი: 1200 ლარიანი დახმარების გასაცემად აღრიცხვა დაიწყო