ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, - ამის შესახებ აღნიშნულია მამუკა ონაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილში.
„ბედნიერია ჩვენი ერი, რომ მრავალი ღირსეული შვილი ჰყავს, მაგრამ გულს გვტკენს ის, რომ დიდმა ნაწილმა უკვე დატოვა წუთისოფელი, მარადისობას შეერთო და მათი წასვლით ამქვეყნიური ყოფა კიდევ უფრო დამძიმდა.
მამუკა ონაშვილი თავისი გამორჩეული სიკეთით, სიყვარულით, ერთგულებით, პატიოსნებით, ნიჭიერებით, თავმდაბლობით, სარწმუნოებით... მართლაც რომ, შეუდარებლად დიდი იყო.
ვლოცულობთ მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანე თვისი დაუმკვიდროს, ხოლო მამუკას ყველა გულშემატკივარს მისთვის ლოცვის ძალა და მის მსგავსად სიკეთის მსახურება შეაძლებინოს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
სიონის საკათედრო ტაძარში, მამუკა ონაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში ავტოავარიის შემდეგ გარდაიცვალა.
მამუკა ონაშვილი ახლობლებმა, მეგობრებმა და კოლეგებმა სიონის საკათედრო ტაძრიდან ტაშით გააცილეს.