უკრაინა ლიბანს მოუწოდებს, „მოპარული“ მარცვლეულით გემის ტრანსპორტირების დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას გადახედოს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია ტრიპოლის (ლიბანის) სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, გათავისუფლდა გემი, რომელსაც კიევის ცნობით, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა. უკრაინა ლიბანურ მხარეს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს.

უწყება განმარტავს, რომ მიუხედავად მოწოდებული მტკიცებულებებისა, სასამართლომ არ გაითვალისწინა უკრაინის კომპეტენტური ორგანოების პოზიცია.

ამ გადაწყვეტილებით ლიბანი ფაქტობრივად ძირს უთხრის მის სასურსათო უსაფრთხოებას და ზიანს აყენებს უკრაინას, როგორც ლიბანის საიმედო პარტნიორს", - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ლიბანის სასამართლოს გადაწყვეტილება გემს Laodecia-ს, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფება, უფლებას აძლევს, თავისუფლად დატოვოს ტრიპოლის პორტი მოპარული უკრაინული ფქვილით და ქერით.

შეგახსენებთ, ლიბანმა 31 ივლისს დააკავა სირიული გემი, რომელსაც კიევის ცნობით, მოპარული უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა.