უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უფლებადამცველ ორგანიზაციას Amnesty International-ს მოუწოდა, არ ეძებოს ყალბი ბალანსი დამნაშავე რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც მისგან თავს იცავს, არამედ, მსოფლიოს რუსეთის შესახებ სიმართლე მიაწოდოს.
მისივე თქმით, ბევრი უკრაინელის მსგავსად, ისიც შეაშფოთა Amnesty International-ის ანგარიშმა. კულებამ ორგანიზაციას მოუწოდა, შეწყვიტოს ისეთი ყალბი რეალობის შექმნა, სადაც ყველა რაღაცაში ცოტათი დამნაშავეა.
„მოდით, მკაფიოდ შევთანხმდეთ მარტივი რაღაცების აღქმაზე: Amnesty International-ის ასეთი ქცევა არ არის სიმართლის ძიება და მსოფლიოსთვის მისი მიწოდება, ეს ეხება ყალბი ბალანსის შექმნას დამნაშავესა და მსხვერპლს შორის, ქვეყანას, რომელიც ასობით და ათასობით მშვიდობიან მოსახლეობას, ქალაქებს, ტერიტორიებს ანადგურებს და ქვეყანას შორის, რომელიც სასოწარკვეთილი იცავს თავს, ცდილობს, გადაარჩინოს ხალხი და კონტინენტი ამ თავდასხმისგან.
დაიწყეთ სიმართლის სისტემურად, მასშტაბურ დონეზე მიწოდება იმის შესახებ, რას წარმოადგენს დღევანდელი რუსეთი. გააკეთეთ ეს სამოქალაქო მსხვერპლის სახელით მაინც, უკრაინის მოქალაქეების სახელით, რომლებსაც თავს დაატყდა რუსული ჭურვები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე დღეს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
ცნობისთვის, Amnesty International-ის მიერ 4 აგვსიტოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, უკრაინელი სამხედროები რუსული თავდასხმის მოგერიების მცდელობისას საფრთხის ქვეშ აყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც ქმნიან ბაზებს და ათავსებენ შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში მათ შორის, სკოლებსა და საავადმყოფოებში.