უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაროსლავ იანუშევიჩი ხერსონის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. უკრაინული მედიის ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა შესაბამის განკარგულებას.
პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხერსონის რეგიონი აუცილებლად გათავისუფლდება რუსი დამპყრობლებისგან და კოლაბორაციონისტები სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.
წინა ბრძანებულებით, პრეზიდენტმა დმიტრო ბუტრი ხერსონის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობების დროებითი შესრულებისგან გაათავისუფლა.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა 7 ივლისს მოუწოდა უკრაინის დროებით ოკუპირებული სამხრეთ რეგიონების მოსახლეობას, განსაკუთრებით, ხერსონისა და ზაპორიჟიეს რეგიონებში, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ევაკუაცია ყველა შესაძლო გზით, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ტერიტორიების გათავისუფლება შეძლონ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე.