ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს ინფორმაციას, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. მის მოვალეობას კი დროებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ამირან გამყრელიძე თანამდებობას პირადი განცხადებით ტოვებს.
„უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას. ამ ეტაპზე ის იქნება მოვალეობის შემსრულებელი. ეს არ არის კავშირში პანდემიამდე პერიოდთან ან პანდემიის დროს მიმდინარე მოვლენებთან. ღირსეულად ემსახურებოდა თავის ქვეყანას და ღირსეულად ტოვებს თანამდებობას. ასპარეზსს სხვა ადამიანებს უთმობს. ამირან გამყრელიძე პირადი განცხადებით ტოვებს თანამდებობას“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.