Europetime-თან კომენტარში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ დეტალურად მომავალ კვირას ისაუბრებს და მედიასაც შეხვდება.
„თანამდებობიდან წასვლაზე დეტალურად მომავალ კვირაში ვილაპარაკებ და მედიასაც შევხვდები“, - განუცხადა გამყრელიძემ Europetime-ს.
მანამდე, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან გადადგომის ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ მას დროებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია შეცვლის.
ამასთან, აზარაშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობას ამირან გამყრელიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის თანამდებობას ამირან გამყრელიძე 2013 წლის 7 თებერვლიდან იკავებდა.