ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა

ბულგარეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული და უძრავი ქონების ფლობისთვის საჭირო ვიზების გაცემა გაურკვეველი დროით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს. 

ამ გადაწყვეტილების მიზეზი, 5 აგვისტოს რუსეთიდან 14 ბულგარელი დიპლომატის გაძევება გახდა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის საპასუხო ზომები, ბულგარეთის მსგავს გადაწყვეტილებაზე რუსეთის საგარეო მისიების თანამშრომლებთან დაკავშირებით.

მანამდე ესტონეთმა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვისა და სასწავლო ვიზების გაცემას.

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ფინეთის მთავრობაც განიხილავს სავიზო შეზღუდვებს. ოფიციალური ჰელსინკი გეგმავს, ეს საკითხი აგვისტოს ბოლოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააყენოს.