რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების 4-საათიანი დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე საუბრობენ.
ნოვაკის თქმით, თურქეთი რუსეთისგან ყოველ წელს 26 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ლიდერების გადაწყვეტილებით კი, თურქეთი გაზის საფასურის ნაწილს რუბლებში გადაიხდის. გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ, ერდოღანმა ასევე პუტინთან საუბრისას „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილა. ეს ინფორმაცია რუსეთის ვიცე-პრემიერმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ შესაძლოა „აქკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა 2023 წლამდე დაიწყოს“.
ნოვაკმა ისიც აღნიშნა, რომ მხარეებმა საბანკო და საფინანსო სექტორში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.
BBC წერს, რომ თურქეთის ლიდერი პუტინის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ ითვლება. NATO-ს სხვა წევრების მსგავსად, თურქეთი ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, თუმცა ამ ქვეყანას იარაღი არ მიაწოდა. ამავდროულად, ანკარამ დასავლეთის სანქციენზე მიერთებისგან თავი შეიკავა.