ერდოღანი და პუტინი სოჭში გამართული შეხვედრის დეტალებზე ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ

რუსეთის ქალაქ სოჭში ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ ერთობლივ განცხადებაში თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტები, მედიის ცნობით, ადასტურებენ, რომ ანკარასა და მოსკოვს შორის კონსტრუქციულმა ურთიერთობამ თავისი როლი ითამაშა გასული თვის ისტორიული შეთანხმების მიღწევაში, რაც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხო ტრანსპორტირებას გულისხმობს.

„სოჭის შეხვედრისას ხაზი გასვა სტამბოლის შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობას, მათ შორის, რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ექსპორტის საჭიროებას. ერდოღანმა და პუტინმა ასევე ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობას ომით განადგურებულ სირიაში გრძელვადიანი გადაწყვეტის მისაღწევად და დაადასტურეს თავიანთი სწრაფვა, იმოქმედონ ტერორისტულ ჯგუფებთან საბრძოლველად.

ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, რომ მიუხედავად არსებული რეგიონული და გლობალური გამოწვევებისა, „ურთიერთპატივისცემის საფუძველზე“ განავითარონ ორმხრივი ურთიერთობები.

მოლაპარაკებების დროს ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაზრდასა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაზე ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გასაძლიერებლად. ლიდერებმა ასევე ხაზი გაუსვეს მათ მტკიცე ერთგულებას ლიბიის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ერთიანობის მიმართ. სოჭში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ თურქეთ-რუსეთის უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შემდეგი შეხვედრა თურქეთში გაიმართება“, - ნათქვამია განცხადებაში თურქული სააგენტო Anadolu-ს ცნობით.