ენტონი ბლინკენს მთიანი ყარაბაღის საკითხზე, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშიანიანთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთანდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო მოლაპარაკებები გამართა. საუბრის მთავარი თემა მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავება იყო.

ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბლინკენმა ლიდერებს აშშ-ს მზაობის შესახებ აუწყა, ჩაერთოს და ხელი შეუწყოს ორ ქვეყანას შორის დიალოგს, რათა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდეს.

„დღეს ვესაუბრე სომხეთის პრემიერს ნიკოლ ფაშინიანს მთიან ყარაბაღში და მის ირგვლივ განვითარებულ მდგომარეობაზე. მოვუწოდე თავშეკავებულობისკენ და აზერბაიჯანთან პირდაპირი დიალოგისკენ, საკითხების მოგვარების მიზნით“, - განაცხადა ბლინკენმა. 

ბლინკენმა მხარეებს დეესკალაციისა და პირდაპირი დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მთიან-ყარაბაღში ვითარებას.