რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინი თურქეთში, უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად მიიწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სტამბოლში შეხვედრის გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ ერდოღანმა თურქულ მედიასთან, სოჭში პუტინთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

„მე კიდევ ერთხელ შევახსენე ბატონ პუტინს, რომ შეგვიძლია, მისი და ბატონი ზელენსკის შეხვედრას ვუმასპინძლოთ. განვაგრძობთ დიალოგს ჩვენს შავიზღვისპირა მეზობლებთან. მათ შორის რუსეთთან ყველა სფეროში, იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონში გლობალური მშვიდობის დასამყარებლად“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა. 

ერდოღანმა, გამოთქვა იმედი, რომ სიძნელეების მიუხედავად, უკრაინის კრიზისი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყდება. ამისთვის თურქეთის პრეზიდენტმა პოზიტიურ მაგალითად, „ხორბლის დერეფნების“ ამოქმედება დაასახელა და განაცხადა, რომ აუცილებელია მხარეები სტამბოლში მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნდნენ. 

5 აგვისტოს, სოჭში, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების დახურული შეხვედრა შედგა, რომელიც 4 საათს გაგრძელდა.